Sunday, September 18, 2016


                    სსიპ. მცხეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ წილკნის
                    საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის

მარიკა თორიას
პრაქტიკის კვლევა

თემა:
                                                                                                                       
მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში








                             

               ი :
შესავალი-------------------------------------------------------------3
საკვლევი საკითხის მიმოხილვა ----------------------------------4
საკვლევი თემის აქტუალობა --------------------------------------5
პრობლემის  ანალიზი ----------------------------------------------7
კვლევის მიზანი -----------------------------------------------------8
ლიტერატურა--------------------------------------------------------9
კვლევის მეთოდები  ------------------------------------------------12
ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება-----------------17
ინტერვენციის შედეგები-------------------------------------------19
კვლევის შედეგები და რეკომენდაციები-------------------------20
დაკვნა/ რეფლექსია--------------------------------------------------22
გამოყენებული  ლიტერატურა ------------------------------------ 24 
 







შესავალი 
    მოცემული კვლევის ანგარიში ასახავს ჩემ მიერ განხორციელებულ პრაქტიკის კვლევას, რომელიც ჩავატარე სსიპ. წილკნის საჯარო სკოლაში.
   აღნიშნულ სკოლაში ვმუშაობ 2012 წლიდან, ვასწავლი ინგლისურ ენას. მოსწავლეებისგან ყოველდღე ვგრძნობ მათ დადებით დამოკიდებულებას ინგლისური ენის მიმართ, თუმცა მაინც დიდი ძალისხმევა და შრომა გვიწევს რომ მივაღწიოთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. ზოგადად, მოსწავლეთა ინტერესი ხელს მიწყობს მათი ცოდნის გაუმჯობესებაში. ისინი ცდილობენ მათ დღის წესრიგში გარკვეული ადგილი დაუთმონ უცხო ენას, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ აკეთებს ყველა მოსწავლე.  ვცდილობ, ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინო მოსწავლეების შესაძლებლობები, უნარები და ინტერესები.
2018 წლის სექტემბერში გავხდი მეხუთე კლასის დამრიგებელი. გავაცნობიერე რა დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა თითოეული მოსწავლის მიმართ, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები სადამრიგებლო საქმიანობაში და დღესაც ვცდილობ პირნათლად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა. იმისათვის რომ, მივიღო სასურველი შედეგი მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არ არის საკმარისი, ამისათვის მჭირდება მშობელთა აქტიური ჩართულობა მათი შვილების აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად.
სამწუხაროდ მშობლები არ აღმოჩნდნენ ისე ჩართული მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში, როგორიც ჩემი მოლოდინი იყო. შეიძლება ითქვას, აქამდე არც მქონდა საკმარისი გამოცდილება მშობლებთან ურთიერთობის, რამაც გამოიწვია ჩემი დაინტერესება რატომ არ არიან მშობლები აქტიურად ჩართული საგანმანათლებლო პროცესში.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე გამერკვია, მეკვლია კონკრეტული  მიზეზები რატომ არ არიან მშობლები ჩართული მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში და დამესახა ჩემ სადამრიგებლო კლასში ამ მიზეზების აღმოფხვრის, გადაჭრის გზები.




საკვლევი საკითხის მიმოხილვა
მასწავლებლის  საქმიანობის  დაწყების  პროფესიული  განვითარებისა  და  კარიერული  წინსვლის  სქემის  მიხედვით  მასწავლებლის  საქმიანობის  ერთ-ერთი  სავალდებულო  აქტივობაა  საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  ანალიზის  საფუძველზე  კვლევის  განხორციელება.  პედაგოგიური  პრაქტიკის კვლევა არის პრობლემის  იდენტიფიცირება,  მისი  გადაჭრის  გზების  ძიება  და  პოვნა.  გარდა  ამისა,  საუკეთესო  საშუალებაა  საკუთარი  ძლიერი  და  სუსტი  მხარეების  აღმოსაჩენად,  სკოლაში  სწავლა-სწავლების  ხარისხისა  და  მოსწავლეთა  მიღწევების      გასაუმჯობესებლად. 
2019 სასწავლო  წლის იანვრიდან გადავწყვიტე  ჩამეტარებინა  კვლევა  საკუთარი  პედაგოგიური  პრაქტიკის  ანალიზის  საფუძველზე  ჩემთვის პრიორიტეტული  საკითხის  გათვალისწინებით:   მშობელთა   ჩართულობა სასწავლო  პროცესში... გამომდინარე იქიდან რომ, 2014 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაჩნდა ჩანაწერი : „მშობელთა სავალდებულო ჩართულობაზე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში“. ვთვლი, რომ მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული, ჩართული და იცოდეს რა მდგომარეობაში და პროცესში მიმდინარეობს მის შვილთან  ერთად სასწავლო პროცესი. გავაცნობიერე ჩემი მოვალეობები ვალდებულებები მშობლების და მოსწავლეების წინაშე:
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:

Ø  გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

Ø  დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიურ თუ  სასკოლო გარემოში წამოჭრილი  სხვადასხვა  პრობლმის გადაჭრაში;

Ø  იყოს შუამავალი  მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

Ø  რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;

Ø  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
Ø  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი.
დამრიგებელი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებეულებებს, თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგთან.

       მშობლების უმრავლესობას არ აქვთ მოტივაცია და არ არიან  აქტიურად ჩართული შვილების სასწავლო პროცესში. მე მიზნად დავისახე შემესწავლა ეს პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები. პრობლემას წავაწყდი, როცა პირველად ჩავატარე მშობელთა კრება, რომელსაც  მხოლოდ  რვა მშობელი დაესწრო.სამმა მშობელმა დამირეკა და ორმა მშობელმა მომწერა სოციალური ქსელის მეშვეობით და ამიხსნეს საპატიო მიზეზები რის გამოც არ გამოცხადდნენ კრებაზე. ბევრ მშობელს არ გამოუჩენია ინიციატივა გაეგო მოსწავლეთა აკადემიური შედეგების შესახებ. სწორედ ეს გახდა ჩემი პედაგოგიური კვლევის საფუძველი. აქამდე აღნიშნულ პრობლემას არ ვაწყდებოდი რადგან არ ვიყავი დამრიგებელი და არ მქონდა მსგავსი გამოცდილება. ვიფიქრე რომ პირველივე კრებაზე ასეთი პასიურობა, ნაკლები ინტერესი, თავისთავად მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა. დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რა იწვევდა აღნიშნულ პრობლემას:
1)      პედაგოგის არაეფექტური უკუკავშირი
2)      მშობელთა საქმიანობა (დროის უქონლობა)
3)      ვერ ხედავენ მშობლები სკოლაში ჩართულობის საჭიროებას

ამ პრობლემის დასადგენად გადავწყვიტე მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა




საკვლევი თემა:  მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში
საკვლევი თემის აქტუალობა: საკვლევი თემა აქტუალურია, გამომდინარე იქიდან რომ დაწყებით კლასებში მშობლები უფრო აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეთა სასწავლო პროცესში. მეხუთე კლასში კი იწყება სწორედ ის პერიოდი როცა მშობლების დიდი ნაწილი თვლის რომ მათ შვილებს შეუძლიათ დამოუკიდებლად სკოლაში სიარული, ამ დროს კი მშობელი ფაქტიურად წყვეტს სკოლასთან ურთიერთობას და მხოლოდ შვილთან ურთიერთობით კმაყოფილდება. ხშირად მშობლები ამ მდგომარეობას ხსნიან იმით რომ მათ უნდათ მიაჩვიონ მოსწავლეები დამოუკიდებელ ცხოვრებას მაგრამ ეს არ არის მაღალი კლასი და და სამწუხაროდ მათი პასიურობა, ხშირად გულგრილი დამოკიდებულება და კონტაქტის არქონა სკოლასთან , საგნის მასწავლებლებთან, კლასის ხელმძღვანელთან ცუდად აისახება მათი შვილების აკადემიურ მოსწრებაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ დაწყებით საფეხურზე(1-4კლასები) არ იწერება ნიშნები და ძირითად ერთ მასწავლებელთან უწევთ მოსწავლეებს მუშაობა. მათ მუდმივად ესმით ფრაზები ,, კარგი გოგონა ხარ“ ,,კარგი ბიჭი ხარ“ რაც ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებას. მეხუთე კლასში კი ისინი აწყდებიან სხვადასხვა სახის გამოწვევებს, პრობლემებს. ამჯერად უწევთ კონტაქტი ყველა საგნის მასწავლებელთან და მეორე სემესტრში კი უმეტესად დაბალ ნიშნებს განიცდიან. მშობლები მუდმივად საყვედურობენ თავიანთ შვილებს დაბალ აკადემიურ შედეგებს, ამ დროს კი მათი უმეტესობა ვერ ხედავს თავის უდიდეს როლს შვილის წარმატებაში. ჩემი მიზანია მოვახერხო პრობლემის არსის იდენტიფიცირება და შევძლო მშობლების დაინტერესება და ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.
ჩემს სადამრიგებლო კლასში ირიცხება 26 მოსწავლე. აქედან ერთი მოსწავლე არის სსსმ და ერთი შშმ მოსწავლე. მოსწავლეები წარმოადგენენ საშუალო სტატისტიკური მოსწრების კლასს სადაც არიან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების ისევე როგორც საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვები.

ჩემი საკვლევი საკითხი განაპირობა იმან, რომ მშობელთა კრებებზე პირველ სემესტრში მშობელთა გამოცხადება იყო დაბალი. პირველ სემესტრში ნიშნები მეხუთე კლასში არ დაიწერა და ვიფიქრე რომ შესაძლო იყო მეორე სემესტრში ცუდი შედეგი მოეტანა მშობელთა პასიურობას. ჩემი მიზანი სწორედაც მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევაა. ამიტომაც, ვეცადე ყველა საჭირო ღონისძიება და აქტივობა დამეგეგმა მშობელთა ჩართულობის გასაზრდელად პროცენტული სახით, რაც აუცილებლად დადებითად აისახებოდა მოსწავლეებზე. რჩევები ვკითხე გამოცდილ კოლეგებს რომელთაც აქვთ დიდი სტაჟი დამრიგებლობის და მათგან მივიღე სასარგებლო რჩევები, რაც გავითვალისწინე ჩემი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

კვლევის მიზნად დავისახე მაქსიმალური ენერგია დამეხარჯა და მშობლები ჩამერთო მათი შვილების სასკოლო ცხოვრებაში.
კვლევის დასაწყისში გამიჩნდა სავარაუდო ჰიპოთეზები რაც კვლევის პერიოდში თითქმის ყველა დამიდასტურდა.
* მშობლები მუშაობენ მთელი დღის მანძილზე და გვიან ბრუნდებიან შინ
*მშობლებს არ აქვთ შვილებთან გულახდილი საუბრები
*მშობლებსა და შვილებს შორის არ არის ნდობის ფაქტორი
*მუდმივად საყვედურობენ ერთმანეთს
*არ აქვთ საერთო ინტერესები და იდეები
მოსწავლეებს აქვთ მძიმე სოციალური ფონი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობლების ისევე როგორც მოსწავლეების გულგრილი დამოკიდებულება სწავლის მიმართ...



პრობლემის ანალიზი
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში არ მქონდა მსგავსი პრობლემა. ამჯერად გაორმაგებული პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც მოსწავლეების ასევე მშობლების წინაშე. ჩემი მოვალეობაა უკუკავშირი მშობლებთან, ნიშნები, მათი შვილების მიღწევების გაცნობა და ა.შ.  თითოეული მშობელს აქვს სურვილი მისი შვილი იღებდეს მაღალ ნიშნებს, თუმცა ხშირად ბევრი მათგანი არ უწყობს ხელს ამის მიღწევაში. დღევანდელი დაბალი სოციალური ფონი სოფლებში მეტწილად განაპირობებს მშობლების დატვირთულ სამუშაოს საარსებო მინიმუმის შესავსებად. როგორც დავადგინე, ბევრი ჩემი მოსწავლე დაკავებულია დაეხმაროს ოჯახის წევრებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში. რა თქმა უნდა, წესით ეს არ  უნდა აფერხებდეს მათ აკადემიურ შედეგებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ დაღლილი მოსწავლე ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრაციას და ცოდნის შესაფერისად დაუფლებას. ხშირად ესმით მოსწავლეებს რომ მშობლები დაღლილები არიან და არ შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს გაკვეთილების მომზადებაში. სამწუხაროდ, მოსწავლეები როგორც კი გრძნობენ რომ მშობლებს არ აქვთ მოლოდინი მათი მაღალი აკადემიური შედეგების მიმართ, ისინი ფარხმალს ყრიან და იმ მინიმუმსაც კი არ აკეთებენ რაც მათ გონებრივ შესაძლებლობებს ადვილად შეუძლია. მშობლები ხშირად უფრთხიან სკოლაში გამოცხადებას მხოლოდ იმ მიზეზით რომ მათი შვილები გამოირჩევიან ცუდი ყოფაქცევით ან დაბალი აკადემიური მოსწრებით. ჩემი მიზანი იყო დამემსხვრია მსგავსი სტერეოტიპული აზროვნება და თითოეულ მშობელს ეგრძნო და მიმხვდარიყო რომ ყველა მოსწავლე თანაბრად მნიშვნელოვანი და ძვირფასია სკოლისთვის. ვეცადე მშობლებისთვის დამენახებინა რომ მე ვიყავი მათი გულშემატკივარი, თანამოაზრე და ერთობლივი ძალებით უნდა აღმოგვეფხვრა არსებული პრობლება.


კვლევის მიზანი
ჩემი პედაგოგიური კვლევის მიზანია ავამაღლო მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში. მოვნახო გამოსავალი და მოვარგო სასწავლო პროცესს მშობლები. გამოვნახო გზები და მშობლებს დავანახო საჭიროება მათი ჩართვის სასკოლო ცხოვრებაში და რამდენად დიდია მათი როლი მოსწავლეების აკადემიური შედეგების ასამაღლებლად.
სამიზნე ჯგუფი: მეხუთე კლასის მშობლები



ლიტერატურა
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებელია მშობლისა და მასწავლებლის ხშირი კომუნიკაცია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის წარმატებას, ზრდის და აძლიერებს მოსწავლის თვითშეფასებას. როცა მოსწავლემ იცის რომ მშობელი დაინტერესებულია მისი ყოველდღიური მიღწევებით, აკადემიური შედეგებით ეს აისახება მის მოტივაციაზე. საჭიროა მშობლებს ყოველთვის გავაცნოთ მოსწავლის დადებითი მხარეები, რომ მივცეთ საშუალება შეაქონ თავიანთი შვილები და ამით დავეხმაროთ მშობელი და მასწავლებელი ერთობლივად ავუმაღლოთ მოსწავლეს თვითშეფასების უნარი. კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია ყურადღებით მოუსმინოს მშობელს და გაითვალისწინოს მშობლის მიერ დასახელებული პრობლემები მოსწავლესთან ურთიერთობის დროს. მშობლები ხშირად ასახელებენ შემდეგ მიზეზებს როგორიცაა სოციალური ფონი, ოჯახური მდგომარეობა, დატვირთული დღის რეჟიმი, რაც იწვევს მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ შედეგებს.   მასწავლებელმა მშობელს შეხვედრისას უნდა გააცნოს კონკრეტული სიტუაციები და რჩევა ჰკითხოს. ეს იქნება გზა, რითაც ხაზს ვუსვამთ მათ კომპეტენტურობას და შევუწყობთ ხელს მშობელსა და მასწავლებელს შორის დამყარდეს თანამშრომლობითი ურთიერთობა. მშობლები ხშირად უფრთხიან მასწავლებლებთან შეხვედრას, სწორედ იმის შიშით რომ ფიქრობენ არ მიიღონ უარყოფითი კომენტარი.
ჩემი პედაგოგიური კვლევი წარმოებისას გავეცანი მრავალფეროვან  ინფორმაციას მშობლებისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე. მინდა ავღნიშნო მარია მონტესორის  სკოლის შესახებ სადაც მშობლებს  ჰქონდათ განსაკუთრებული მოვალეობები, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.
,,ამ სკოლაში მშობლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭებოდათ. მათი მოვალეობა იყო, რომ ბავშვებს სკოლაში არ დაეგვიანათ; სუფთა, მოწესრიგებული მოსულიყვნენ.  ყველა მშობელი ვალდებული იყო, კვირაში ერთხელ სკოლის დირექტორთან შვილის ამბავი მოეკითხა. მარია თავად დადიოდა ბავშვების ოჯახში. მას სურდა მშობლებს ეგრძნოთ, რომ სკოლა მათიც იყო და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რათა მასწავლებლებთან ერთად სკოლის საერთო მიზნებისთვის მიეღწიათ. თუ მშობელი თანამშრომლობაზე არ თანხმდებოდა, მის შვილს სკოლიდან რიცხავდნენ, მანამ სანამ მშობელი თანამშრომლობის სურვილს არ გამოთქვამდა“( „განვითარებისა და სწავლის თეორიები’’ გვ. 210.)
საინტერესო ინფორმაცია მივიღე როცა წავიკითხე XVIII ინგლისელი საზოგადო მოღვაწის ფილიფ დორმენ სტენჰოპის ( გრაფ ჩესტერფილდის) ,,წერილები ვაჟიშვილს“. წერილებში ავტორი ვრცლად მსჯელობს სწავლა-აღზრდის საკითხებზე და ყველა ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. კარგად ჩანს ავტორის როგორც მშობლის დაინტერესებული დამოკიდებულება შვილისადმი. აღნიშნული წიგნი დამეხმარა კარგად გამეანალიზებინა და სწორად გამომეყენებინა მიღებული ინფორმაცია როგორც მოსწავლეებთან ასევე მშობლებთან მიმართებაში. ამ წიგნში გადმოცემული ყოველი აზრი გვეხმარება პიროვნებებად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოსწავლეები და შევიტანოთ გიგანტური წვლილი მათ განვითარებაში. ვეცადე გამოყენებული მასალა სრულად მომერგო ჩემს მიერ გამოკვლეული საკითხის დახვეწა-გადაჭრისთვის.
მოსწავლეებში პრობლემის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მშობლები ჩავაყენოთ საქმის კურსში. დავუკავშირდეთ მათ პრობლემის გამწვავებამდე. მშობელზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როცა გაიგებს რომ პრობლემა დიდი ხანია არსებობდა და მან ამის შესახებ არ იცოდა.
„კარგად ჩამოყალიბებული კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობაში. მშობელთან პირისპირ საუბარი ურთიერთობის აწყობის ერთ-ერთი ეფექტური ფორმაა, რადგან ეს საფუძვლად დაედება ერთობლივ მუშაობას საერთო მიზნის მისაღწევად. მშობელთან შეხვედრის წარმატებულად წარმართვისთვის  მიზანშეწონილია რამდენიმე აუცილებელი წესის დაცვა. მაგ: სასურველია, თუ გამორთავთ მობილურ ტელეფონს ან გადაიყვანთ ჩუმ რეჟიმში. ამით ხაზი გაესმება თქვენი საუბრის მნიშვნელობას და მშობლის მიმართ პატივისცემას.“ (სასწავლო და პროფესიული გარემო გვ.131)
ამ საკითხის შესწავლისას ვცდილობდი საკმარის ლიტერატურას გავცნობოდი. ,,მნიშვნელოვანია იმის გაგება რამდენად ოპტიმისტურად არიან განწყობილი მშობლები შვილების მომავლის მიმართ. ძირითადად მშობლებს მსგავსი შეხედულებები და მოლოდინები აქვთ სწავლის ხარისხთან და შვილების მომავალთან დაკავშირებით. განსხვავება აისახება სკოლის ტიპით, მშობლების განათლების დონით და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით.’’(ჟურნალი ,,სკოლის მართვა’’ N3 .2018წ.  გვ.41)   
ეროვნული გეგმის ზოგად ნაწილში საუბარია რომ მშობლისა და პედაგოგის თანამშრომლობას, ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემა, მხარდაჭერა, დახმარება, მოთმინების პრინციპები უნდა ედოს საფუძვლად. თუ მშობლებს არ აქვთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ან არ არიან დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მათი შვილების მოტივაციაც და ჩართულობაც ნაკლებია, შესაბამისად, აკადემიური მოსწრებაც უფრო დაბალია. ვთვლი, რომ თითოეული მოსწავლის წარმატება დაკავშირებულია როგორც მზრუნველ  მშობელთან ასევე ყურადღებიან პედაგოგთან.


კვლევის მეთოდები
კვლევის წარმოებისას გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი ასევე თვისობრივი კვლევის მეთოდები. მოსწავლეებთან და მშობლებთან  გამოვიყენე რაოდენობრივი მეთოდი: კითხვარები... მეტი რომ გამეგო მოსწავლეებისგან გადავწყვიტე მათთვის დამერიგებინა ანონიმური კითხვარი რაზეც მათ გულახდილად უნდა ეპასუხათ. განვუმარტე მოსწავლეებს რომ ამით მე მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია მჭირდებოდა ზოგადად კლასის შესახებ არანაირი ნეგატიური უკუკავშირი არ ექნებოდა ამ კითხვარის პასუხებს. პირიქით, ავუხსენი რომ ეს იქნებოდა ერთგვარი დახმარება ჩემთვის გაემარტივებინათ გამერკვია რა პრობლემასთან მქონდა საქმე და როგორ უნდა გადამეჭრა ის.
მოსწავლეებს დავურიგე ანკეტა კითხვარის სახით:

მშობლები მეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
მზად არიან დამითმონ დრო
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
როცა რამე მიხარია ან  მიჭირს ვუზიარებ მშობლებს
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
მშობლები მაკითხავენ სკოლაში
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
თავისუფალ დროს  მხიარულად ვატარებ მშობლებთან ერთად
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად



ვიფიქრე მოსწავლეების ასეთი გულწრფელი პასუხები გამოიწვია ჩემს მიერ გაცემულმა მითითებამ, ახსნამ რომ ამ გზით მე ვეცდებოდი გამომერკვია პრობლემის არსი და მაქსიმუმი გამეკეთებინა მის მოსაგვარებლად. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი პედაგოგიური კვლევის თემის სწორ განსაზღვრაში. მოსწავლეებმა დამიმტკიცეს რომ ისინი ენდობიან კლასის ხელმძღვანელს და მათ აქვთ სურვილი ერთად ჩავრთოთ მშობლები ჩვენს საგანმანათლებლო გარემოში.

 მშობლებთან გამოვიყენე შემდეგი კითხვარი:
1) ვეკითხები ჩემს შვილს სკოლის ყოველდღიური სიახლის შესახებ
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
2) ვითვალისწინებ ჩემი შვილის ინტერესებს შესაძლებლობებს და უნარებს
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
3) ვცდილობ მოვუსმინო ჩემს შვილს ბოლომდე და გავიგო რისი თქმა სურს
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
4) ვუთმობ საკმარის დროს გავერთოთ ერთად
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
5) კლასის ხელმძღვანელთან მაქვს კონტაქტი
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად
6) რა მოლოდინი მაქვს კლასის ხელმძღვანელისგან?




მშობელთა პასუხებმა მაფიქრებინა რომ ისინი იყვნენ გულახდილი რადგან ბევრმა მათგანმა აირჩია პასუხუხი ,,იშვიათად“. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მშობლებს აქვთ სურვილი ცვლილებების მაგრამ შესაძლოა არ იციან რა გზით მიიღონ მონაწილეობა შვილების სასწავლო პროცესში. ამ პრობლემის გადასაჭრელად შევიმუშავე რამდენიმე ქვემოთ მოცემული ინტერვენცია.


მასწავლებლებთან მქონდა ღრმა საუბარი, კითხვები:
რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა მათ პრაქტიკაში?
როგორ გადაჭრეს მათ ეს პრობლემა?
რას მირჩევენ?



ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება:
სხვადასხვა თეორიულ ნაშრომებისა და გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შევარჩიე შემდეგი ეფექტური სტრატეგია:


ინტერვენცია N1 მშობლებთან ინდივიდუალური დღის კალენდრის დაგეგმვა

სამი თვის განმავლობაში, ყოველ სამ თვეზე გადავანაწილე თითოეულ მშობელთან ინდივიდუალური შეხვედრის დღე. გავაკეთე კალენდარი და წინასწარ ვაცნობე რომელი მშობელი რომელ დღეს უნდა გამოცხადებულიყო სკოლაში. მშობლებს არ უწევდათ ერთმანეთთან შეხვედრა. მე როგორც კლასის ხელმძღვანელი ინდივიდუალურად ვხვდებოდი მათ  და განვიხილავდი საჭირო საკითხებს მათთან. ჯერ ვაცნობდი მათ მათი შვილების დადებით მხარეებს, შემდეგ უშუალოდ რა პრობლემა ჰქონდა მის შვილს და ბოლოდ ერთად შევიმუშავეთ დავსახეთ გადაჭრის გზები. ვეცადე, მშობლებისთვის დამენახებინა რამდენად კომპეტენტური ვიყავი მათი შვილების შეფასების თუ მიდგომისას და ჩემი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბოლომდე მკაფიოდ გამომეკვეთა.


ინტერვენცია N2 პროექტების დაგეგმვა და  განხორციელება მშობელთა ჩართულობით

დამატებითი გაკვეთილები ჩავატარე მშობლებთან ერთად, სადაც მშობლებმა და შვილებმა შექმნეს ერთობლივი პროექტები კვებაზე და გარემოს დაცვაზე.  პროექტის თემები შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად, გავითვალისწინე რა გლობალური საკითხები იყო მათი ინტერესი და სწორედ მათ დაასახელეს კვების პრობლემა (ჯანმრთელი და არაჯანმრთელი საკვები) და ასევე გარემოს დაცვა(ეკოლოგიური პრობლემები).  როცა მშობლები პროექტებს აფორმებდნენ ლოზუნგებით, მოსწავლეები პროექტების ვიზუალურ მხარეზე ზრუნავდნენ. წარმოადგინეს მშვენიერი ნამუშევრები და გააკეთეს მოსწავლეებმა პრეზენტაცია მშობლებთან ერთად. თითოეული მოსწავლე ცდილობდა მაქსიმალურად წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები და უნარები.     

ინტერვენცია N3 სახალისო კლასგარეშე სპორტული  აქტივობა ,,მხიარული სტარტები“ მშობლების მონაწილეობით

    მოსწავლეების დახმარებით, მათ სთხოვეს მშობლებს და ასევე გადასცეს ჩემი გულთბილი მოწვევა და ამ გზით მოვახერხე 07.04.2019წ. გამოცხადებულიყვნენ მშობლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მითითებული თარიღი, კვირა არასამუშაო დღე შევარჩიე მშობლების დატვირთული სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე. სკოლასთან ახლოს არის არაჩვეულებრივი მოვლილი ტერიტორია, გამწვანება, სადაც ჩავატარეთ სპორტული შეჯიბრი ,,მხიარული სტარტები“. შეჯიბრების გამართვაში დამეხმარა ორი ჩემი აქტიური კოლეგა, რომლებმაც მოირგეს შემფასებლის როლი. საჭირო ინვენტარზე (ბურთები, კეგლები, ჩოგბურთი) იზრუნა  სკოლის ადმინისტრაციამ. თამაში დიდი ხალისით და ჟრიამულით მიმდინარეობდა.


ინტერვენციების შედეგები
როდესაც მშობლებმა წინასწარ იცოდნენ სკოლაში გამოცხადების დღე ნამდვილად გამოცხადდნენ ისინი მითითებულ დროს. ამან კიდევ უფრო დიდი ბიძგი მომცა მეფიქრა რომ მიღებული კალენდრის პრინციპით მშობლების დაბარება დადებითი ინტერვენცია იყო.
 მეორე ინტერვენციის შედეგის მიხედვით მშობლებმა დაინახეს მათი როლი რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის. ყველა მშობელმა ერთხმად აღნიშნა რომ ეს იყო მათთვის დაუვიწყარი დღე და ძალიან დიდი სტიმული მიიღეს ამ აქტივობიდან. ისინი მეტად თავდაჯერებულები და მოხარული დარჩნენ. ეს იყო მათთვის სტიმული გამხდარიყვნენ საკლასო გარემოს ნაწილი, გაეთავისებინათ რომ შვილებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლების დახმარება და გვერდში დგომა. ნამდვილად ამაღელვებელი იყო ეს დღე როგორც მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის ასევე ჩემთვისაც.
მესამე ინტერვენციის შედეგად მოსწავლეებმა იგრძნეს მშობლების დიდი მხარდაჭერა და პირიქით. თამაშის დასასრულს გადავეცით სიმბოლური საჩუქრები გამარჯვებულებს (ბლოკნოტი და კალამი). მშობლები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. ისინი აღნიშნავდნენ რომ საჭირო და დროული იყო ასეთი აქტივობები და მთხოვეს რომ მომავალ წელსაც ჩაგვეტარებინა მსგავსი სახალისო აქტივობა. ყველამ ერთად მოვაწყეთ პიკნიკი და გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. ჩემი მოსწავლეების, მშობლების  ბედნიერი და კმაყოფილი სახეები აღიბეჭდა ფოტოსურათებზე. ეს იყო მიზეზე კიდევ ერთხელ მეფიქრა რომ ნამდვილად დადებით შედეგს გამოიტანდა აღნიშნული ინტერვენცია.




კვლევის შედეგები და რეკომენდაციები:
ვფიქრობ ჩემი პედაგოგიური კვლევა წარმატებულია, რაც აისახა ჩემი მოსწავლეების აკადემიურ ხარისხზე. მოხდა მშობლების მეტად დაინტერესება. ისინი უფრო აკონტროლებენ მოსწავლეების ყოველდღიურ საქმიანობას. გარდა იმისა რომ ცხადდებიან სკოლაში ასევე იყენებენ ჩემთან, როგორც კლასის დამრიგებელთან და საგნის მასწავლებელთან კონტაქტის სხვადასხვა სახეს: სატელეფონო ზარებს, სოციალურ ქსელს რომ გაიგონ ამა თუ იმ საჭიროების შესახებ მის შვილთან დაკავშირებით. ეს მეხმარება იმაში რომ როცა მოსწავლემ იცის მშობელი ყურადღებიანია და აკონტროლებს მას, ცდილობს მიაღწიოს მაღალ აკადემიურ შედეგებს.  მშობლები ამჯერად აღარ უფრთხიან მასწავლებლების კომენტარებს და სკოლაში გამოცხადებას, რაც გამოიხატება მათ გახშირებულ ვიზიტზე სკოლაში. რა თქმა უნდა დადებით შედეგებს გვაძლევს მშობლების ჩართულობა მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების და უკეთესი შედეგების მისაღწევად.
შევიმუშავე სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც წარვუდგინე კოლეგებს, კვლევის ანგარიშის პრეზენტაციისას.
ცხრილი: მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად
დაანახეთ მშობლებს, რომ ზრუნავთ მათი შვილების წარმატებულ მომავალზე
დაგეგმეთ ინდივიდუალური შეხვედრის დღე
ჩართეთ მშობლები სასკოლო პროექტებში
გამოიყენეთ მხიარული აქტივობები
მოიპოვეთ მშობლების ნდობა
ვაგრძნობინოთ მშობლებს თავი სკოლის ნაწილად









დასკვნა/ რეფლექსია
ჩემი პედაგოგიური კვლევის წარმოებისას ვეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები და განმეხორციელებინა დასახული მიზანი. კლასის ხელმძღვანელის პოზიცია დავიკავე პირველად და მშობლების პასიურობამ მიმაღებინა გადაწყვეტილება გამერკვია მიზეზები და აღმომეფხვრა ისინი შეძლებისდაგვარად. მიზნად დავისახე მშობლების ჩართვა მოსწავლეების სასწავლო პროცესში. კვლევის შედეგად მოსწავლეებმა მიიღეს მშობლების მეტი ყურადღება, კონტროლი, მათი ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში და რაც მთავარია აკადემიური შედეგების გაუმჯობესება. კოლეგებს გავუზიარე ჩემი კვლევის ანგარიში პრეზენტაციის სახით, რომელსაც დაესწრო კოლეგების უმრავლესობა.
კოლეგებისგან მივიღე დადებითი უკუკავშირი. მათ გამოთქვეს აზრი, რომ ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას გამოიყენებენ თავიანთ პრაქტიკაში და განსაკუთრებით ყურადღებას გაამახვილებენ ინტერვენციის მეთოდებზე.
 მიმაჩნია რომ კვლევის დაწყებისას დასახულ მიზანს მივაღწიე. შედეგი თვალსაჩინოა, რადგან მშობლები აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში. ამჯერად უფრო დაინტერესებულები გახდნენ და ცხადდებიან სკოლაში როცა წინასწარ იციან რომელ დღეს აქვთ ჩანიშნული ვიზიტი კლასის ხელმძღვანელთან. ჩემს მიერ დაგეგმილი ყველა ინტერვენციით დამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღე, თუმცა ვთვლი რომ შეიძლებოდა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება. უმჯობესი იქნებოდა დამემატებინა შემდეგი ინტერვენცია: ,, მშობლის ჯილდო’’ - მშობელი რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ჩართული და აქტიური  მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში  სერტიფიკატი გადამეცა. ეს კიდევ ერთხელ გაზრდიდა მოტივაციას და თვითშეფასების უნარის ამაღლებას შეუწყობდა ხელს.
ვფიქრობ, შესაძლოა დავუშვი შეცდომები პრაქტიკული კვლევის წარმოებისას, მაგრამ ეს გამოიწვია იმან რომ ეს იყო მხოლოდ პირველი კვლევა ჩემს პრაქტიკაში. მომავალში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას, კოლეგების მეგობრულ რჩევებს რომელიც მივიღე ასევე კვლევის ანგარიშის წარდგენისას და გამოვიყენებ ამ ყველაფერს გავაუმჯობესო, დავხვეწო და მრავალფეროვანი გავხადო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა. ეს იყო ჩემთვის ერთგვარი სტიმული მემუშავა მოსწავლეებთან და მშობლებთან მეტი ინტერესით და რადიკალურად შემეცვალა კვლევის დაწყებისას არსებული მდგომარეობა. ჩემი პედაგოგიური კვლევა გაგრძელდა მთელი მეორე სემესტრის მანძილზე, თუმცა ჩემი აზრით ეს იყო საკმარისი დრო დასახული შედეგის მისაღწევად. ვეცდები მომავალ წელს დავნერგო ახალი აქტივობა ,,მშობლის ჯილდო“ რომლის მიზანსაც  სასწავლო წლის დასაწყისშივე გავაცნობ მშობლებს და შევეცდები კიდევ სხვა დამატებითი ინტერვენციებით ავამაღლო მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში. ამ კვლევის დახმარებით პროფესიულად გავიზარდე და მზად ვარ მომავალში ისევ გავაგრძელო მუშაობა მშობელთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად და გავუწიო კოლეგებს რეკომენდაცია ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით.



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2012 განვითარებისა და სწავლის თეორიები
ტომაშ პოლკოვსკი ,, ბავშვთან და მათ ოჯახთან მუშაობის ძლიერი მხარეების პერსპექტივები“ ასოციაცია ,,ჩვენი საქართველო“
ჩესტერფილდი ,, წერილები ვაჟიშვილს“


No comments:

Post a Comment